ოქსიდაციური სტრესი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

6 ოქტომბერი 2025 ბლოგი

 

რა არის ოქსიდაციური სტრესი? 

ოქსიდაციური სტრესი არის ბიოლოგიური დისბალანსი ჩვენი ორგანიზმის აგრესიულ მოლეკულებსა და დამცველობით ძალებს შორს, ანუ თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის. 
 

რა არის თავისუფალი რადიკალი?

თავისუფალი რადიკალები (Reactive Oxigen Species) ჟანგბადის შემცველი მოლეკულებია, რომლებსაც აქვთ ერთი ან მეტი დაუწყვილებელი ელექტრონი, რის გამოც ისინი არიან აგრესიული, არასრულფასოვანი და არასტაბილური მოლეკულები. მათი მიზანია შეივსონ დანაკლისი, რაც ხდება სხვა მოლეკულების, ცილების, დნმ-ის და უჯრედული მემბრანის დაზიანების ხარჯზე. 

ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს თავისუფალ რადიკალებს მიტოქონდრიებში. მცირე რაოდენობით მათი დამაზიანებელი ეფექტი მინიმალურია და შეიძლება სასარგებლოც კი იყოს იმუნური პასუხის გასაცემად. დაავადებების რისკი ჩნდება, როცა თავისუფალი რადიკალების რიცხვი აჭარბებს ჩვენი დამცველობითი ძალების (ანტიოქსიდანტების) რიცხვს. 
 

რა არის ანტიოქსიდანტი?

თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტიოქსიდანტებს - მოლეკულებს, რომლებსაც ორბიტაზე გააჩნიათ მრავალი ელექტრონი, შესაბამისად ინისი ახდენენ დონაციას და აბალანსებენ თავისუფალ რადიკალებს და მათ მიერ გამოწვეულ ზიანს. ეს პროცესი მიმდინარეობს ჩვენი ორგანიზმის ყველაზე პატარა სასიცოცხლო ერთეულში - უჯრედებში. 

 

რა იწვევს თავისუფალი რადიკალების ზრდას? 

არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლის ზედმეტად მოხმარება, მწეველობა, ფსიქოლოგიური სტრესი, ქრონიკული დაავადებები, მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, არასწორი ფიზიკური აქტივობა და დაბინძურებული გარემო აორმაგებს თავისუფალი რადიკალების გამომუშავებას და ასუსტებს ჩვენს დამცველობით ძალებს, რაც იწვევს ოქსიდაციური სტრესის ჩამოყალიბებას. შედეგად ზიანდება ჩვენი ორგანიზმის უჯრედები  და ქსოვილები. 
ოქსიდაციური სტრესი დაკავშირებულია 200-მდე ქრონიკული დაავადების განვითარების მექანიზმთან. მაგალითად: 

  • სიმსივნური დაავადებები: ოქსიდაციური სტრესის შედეგად ზიანდება უჯრედის დნმ, რაც ქმნის სიმსივნის განვითარების რისკს. 
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნა, რასაც საბოლოოდ მივყავართ ათეროსკლეროზის ჩამოყალიბების, გულის დაავადებების და მიოკარდიუმის ინფარქტისკენ. 
  • თირკმლის დაავადებები: ხანგრძლივი ოქსიდაციური სტრესის პირობებში შესაძლებელია დაზიანდეს თირკმლის ქსოვილი და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს თირკმლის უკმარისობა. 
  • ნევროლოგიური დაავადებები: თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ეფექტი იწვევს ნეირონების დაზიანებას, რაც ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორებიცაა: ალცჰაიმერი, პარკინსონი, გაფანტული სკლეროზი, დემენცია. 
  • სასუნთქი გზების დაავადებები: ხანგრძლივი ოქსიდაციური სტრესი პირდაპირ კავშირშია ქრონიკულ ანთებით პროცესებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების პრობლემები, ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. 
  • სახსროვანი დაავადებები: ქრონიკული ანთებითი პროცესები კავშირშია რევმატოიდული ართრიტის განვითარებასთან. 
     

რატომ არის მნიშვნელოვანი ოქსიდაციური სტრესის დიაგნოსტიკა?

დროთა განმავლობაში, ჩუმი ტემპით პროგრესირებადი ოქსიდაციური სტრესი იწვევს ორგანიზმის დაზიანებას:

  • იმუნური სისტემის დასუსტებას; 
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევას; 
  • დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის გაზრდას; 
  • კანის ნაადრევ დაბერებას და მრავალი სხვა.

ადრეული დიაგნოსტიკა გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ის დაავადებები, რომლის რისკიც პროგრესირებს ოქსიდაციური სტრესის გაზრდასთან ერთად. ბიოლში თავისუფალი რადიკალების და ანტიოქსიდანტების პოტენციალის განსაზღვრას ლაბორატორიული ტესტის მეშვეობით, უჯრედულ დონეზე ვახდენთ.
 

რა სიმპტომებით შეიძლება ამოვიცნოთ გვაქვს თუ არა ოქსიდაციური სტრესი? 

ოქსიდაციური სტრესი ბიოქიმიური პროცესია, რომელიც შეიძლება ვერ ამოვიცნოთ, რადგან ის მიმდინარეობს ჩვენი ორგანიზმის უჯრედებში. მიუხედავად ამისა, არის სიმპტომები, რომლებიც საყურადღებოა ანამნეზის/დიაგნოსტირების პროცესში:

  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
  • ენერგიის ნაკლებობა; 
  • მეხსიერების გაუარესება;
  • ხშირი ავადობა; 
  • ძილის პრობლემები; 
  • ნახშირწყლების მიმართ გაძლიერებული მოთხოვნილება; 
  • წონის მატება. 
     

როგორ შეიძლება შევამციროთ ოქსიდაციური სტრესი და მისი დამაზიანებელი გავლენა ორგანიზმზე? 

ოქსიდაციური სტრესი არ არის მუდმივი, ის შექცევადი პროცესია და მისი შეჩერება შესაძლებელია ჩვენი დამცველობითი ძალების, ანუ ანტიოქსიდაციური პასუხის გაძლიერების ხარჯზე, რაშიც დაგვეხმარება:

  • ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები; 
  • ხარისხიანი საკვები დანამატების სწორად შერჩევა (მაგ, ვიტამინი C, ვიტამინი E, სელენი, ბეტა კაროტინი);
  • ზომიერი და სწორად შერჩეული ფიზიკური აქტივობა; 
  • ხარისხიანი და სრულფასოვანი ძილი; 
  • მენტალური ჯანმრთელობის და სტრესის მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 
  • დამხმარე ანტიოქსიდაციური თერაპიები.
     

ანტიოქსიდაციური თერაპია - ბიო იდენტური სასიგნალო თერაპია 

ველნეს კურორტ ბიოლის პროგრამებში წარმატებით გამოიყენება ბიო იდენტური სუნთქვითი თერაპია (NaNovi Technology), რომელიც აძლიერებს ანტიოქსიდაციურ პასუხს და ეხმარება უჯრედებს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში. თერაპიის შედეგად უმჯობესდება ჟანგბადის მოხმარება და იზრდება უჯრედის აქტივობა, რაც იწვევს ოქსიდაციური ბალანსის შენარჩუნებას.


ავტორი: ნინო ნაკაშიძე, ბიოლის მთავარი ექიმი, ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი და ველნეს პროგრამების კოორდინატორი